6 გარდაცვლილი და 10 დაშავებული

2020-10-30 11:30:25

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. დაშავებულია 10 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, გორში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გვიან ღამით გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსი, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები გადაჰყავდა, დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში, კონკრეტულად კი ზუგდიდში ბრუნდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაკევებულია თურქეთის მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა. [ვიდეო/video]

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.