უნდა იქონიოთ თუ არა საკუთარი კალამი არჩევნებზე

2020-10-26 12:54:07

რა უნდა გაითვალისწინონ ამომრჩევლებმა 31 ოქტომბერს, "პანდემიურ არჩევნებზე" წასვლამდე?

ამ კითხვით "ინფო რუსთავი" #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურს დაუკავშირდა.

აფციაურმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, ამომრჩევლებისთვის ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

აფციაურის ცნობით, თუ 31 ოქტომბერს კონკრეტულ მოქალაქეს სურვილი ექნება, ხმა საკუთარი კალმით მისცეს, ამასთან დაკავშირებით აკრძალვა არ იარსებებს, თუმცა, მისი თქმით, საარჩევნო უბნებზეც ინდივიდუალური მოხმარების კალმები იქნება განთავსებული.

"ვინმე თუ საკუთარი კალმით მოვა, მაგის აკრძალვა არ არის, თუმცა იმ რაოდენობის კალამს არიგებს ცესკო უბნებზე, ამომრჩეველი მოკიდებს თუ არა კალამს ხელს, ხელს რომ მოაწერს, შემდეგ შედის კაბინაში შემოხაზავს და აგდებს იმ კალამს", - აცხადებს გაგა აფციაური.

#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება. რაც შეეხება პირბადეს, თუ მოქალაქეს ნიღაბი სახლში დარჩა, მისი უზრუნველყოფა პირბადით საარჩევნო უბანზე მოხდება.

"ამომრჩევლებს არ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მხოლოდდამხოლოდ დაუმუშავდებათ ხელები. თუ განაცხადებს უარს, ვერ შევა ხმის მისაცემად. პირბადე თუ დარჩებათ სახლში, უბანი მიაწვდის მათ ნიღაბს. პირბადე ამომრჩევლებმა უნდა მოიხსნან 2-ჯერ. ერთხელ შემოსასვლელში, რომ იდენტიფიცირება მოხდეს, მეორედ კი რეგისტრატორთან, სიაში რომ აღმოაჩენენ შედარების მოსახდენად. თუ უარს განაცხადებს ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში", - აღნიშნა გაგა აფციაურმა.

მისივე განცხადებით, გარე პერიმეტრზე დისტანციის დაცვა თავად ამომრჩევლების მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.  

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები