დღის კოვიდშეჯამება

2020-10-24 19:39:55

კორონავირუსული ინფექციის დღეს დადასტურებული 1941 შემთხვევიდან 5 ოზურგეთის სასწრაფო დახმარების ექიმია.

5 სასწრაფო დახმარების პერსონალიდან ორი ექიმი. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინფიცირებულებს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ.

“ხუთი დადასტურებული შემთხვევაა, ექიმები და ექთნები. ჩვენ ამ დილით გადმოგვეცა საკვლევად, ჯერჯერობით კვლევის პროცესში ვართ. ყველა მათგანი სახლში იმყოფება, ვირუსი აქვთ მსუბუქ ფორმაში. იმყოფებიან ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა  მაია ქუტიძემ.

ინფიცირებულია "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე და მისი მეუღლე. ინფორმაციას თავად ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები. ვმკურნალობ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.

ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.

ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.

ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად "ქოცური" ვირუსიც დაგვემარცხებინოს",  - წერს ოთარ კახიძე.

ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური იტყობინება.

უწყების ცნობით, ახალდაკავებული პატიმრები დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში იყვნენ განთავსებულები.

"პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა.

სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი ორ პირს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება", - აღნიშნავენ უწყებაში.