ნადირობაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვით, ნადირობის უფლების მოსაპოვებლად მონადირეებს რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ. ერთ-ერთი მოთხოვნა შერჩეული ტერიტორიების მესაკუთრეებისგან შესაბამისი ნებართვის აღება იქნება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შესატანი ცვლილებების თანახმად, ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს მინიმუმ 1 წლის ვადით სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს უფლებამოსილება მიეცემათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე მოახდინონ ოქმის გამოწერა, დაჯარიმება.
კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა. კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება. ასევე, განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც.