"ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის",- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, თუ ვის ეკუთვნოდა თანხა, რომელიც ზუგდიდში საქართველო ბანკში შეიარაღებულ პირს მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ გადასცეს.
შსს-ის მინისტრი არ აკონკრეტებს, თუ რა რაოდენობის თანხა გადასცეს შეიარაღებულ პირს, რომელიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში არსებულ საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც ბანკში 43 მძევალი აიყვანა. რომლებსაც ეტაპობრივად ათავისუფლებდა. მოლაპარაკებების შემდეგ ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა ფულთან და სამ მძევალთან ერთად, რომელთა შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავაც იყო, საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
დილის 5 საათისთვის კი ცნობილი გახდა, რომ შეირაღებულმა თავდამსხმელმა დანარჩენი სამი მძევალიც გაანთავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.