კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-10-15 15:58:53

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

"ამ შემთხვევების 80% გამოვლინდა, როცა დავტესტეთ უკვე დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები. მხოლოდ 20%-ია განყენებულად  მდგარი, თუმცა ეპიდკვლევა ფაქტიურად ყველაზე ჩატარებულია და ისინი დაკავშირებული არიან უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან. ფაქტიურად არცერთი შემთხვევა არ გვაქვს დარჩენილი წყაროს დადგენის გარეშე. ეპიდსიტუაცია სტაბილურია, გავრცელება ჯერჯერობით არის მეთვალყურეობის ქვეშ და იმედი გვაქვს, მოსახლეობის მხარდაჭერით, შევინარჩუნებთ ასეთ ტენდენციას", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ბეგაშვილმა ასევე განმარტა, როგორ მივიღეთ რუსთავში ეს ციფრი და აღნიშნა, რომ ქალაქისთვის 20 ახალი შემთხვევა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

"ეს მონაცემი ჩვენი ქალაქისთვის ბევრია, მაგრამ 80% არის მიზნობრივად გამოკვლეული პაციენტები, რომელიც გვინდოდა დროულად გამოვლენილიყო, დროში არ გაწელილიყო და ამიტომ გვაქვს ეს ციფრი", - განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა.

დავით ბეგაშვილის თქმით, ამ დროისთვის რუსთავში კორონავირუსული ინფექციის 60 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 29 აგვისტოდან დღემდე ქალაქში გამოვლენილი 160 შემთხვევიდან 100 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. ბეგაშვილის ინფიროაციითვე, პაციენტების უმრავლესობას დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

რუსთავში, თვითიზოლაცის რეჟიმში 300, საკარანტინე სივრცეში კი 80 ადამიანია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები