თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა სერიოზული მატებაა.
"როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება. ჩვენ ამის შესახებ მოსახლეობას ვაფრთხილებდით და დღეს ახალი დადასტურებული გახლავთ 919 ახალი შემთხვევა. მოიმატა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გუშინ გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.
თბილისში უკვე საკმაოდ ბერვია, 366 ახალი შემთხვევა. აჭარაში მოიმატა და 286-ია დღეს, გუშინ იყო 189, იმერეთში ოდნავ შემცირდა 104-ია, გუშინ იყო 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა. სამეგრელო ზემო სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57-ია. შიდა ქართლში - 21, კახეთში - 13, გურიაში -13, მცხეთა-მთიანეთში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში კი 1-1 შემთხვევა", - განაცხადა ენდელაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქუჩაშიც ატარონ პირბადე.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ არსებული რეგულაციები სრულყოფილად იყოს დაცული.
„კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი“,-განაცხადა ენდელაძემ.
მისი შეფასებით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი ინფიცირების ახალ შემთხვევებს უმკლავდება.
„ჯერჯერობით არის რესურსი და ალბათ, მომავალშიც იქნება, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. ძალიან სერიოზული კოორდინირებული მუშაობაა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. ამ პროცესში ეპიდემიოლოგები და მედიკოსებიც ჩართული არიან“,-განაცხადა ენდელაძემ.