რუსთავის სკოლაში მოსწავლე და მასწავლებელი დაინფიცირდა

2020-10-14 20:52:24

რუსთავში, მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მის შვილს, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა ინგა გელაშვილმა განუცხადა, ინფიცირებული დაწყებითი საფეხურის მასწავლებლია, რომლის 19 მოსწავლეც თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება. მოსწავლეები მე-3 კლასელები არაინ.

რაც შეეხება პედაგოგის შვილს, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებულია, ის 8 სექტემბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ გამოცხადებულა, თუმცა თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა მისი 16 თანაკლასელიც.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ჯერჯერობით თვითიზოლაციაში მყოფ მოსწავლეებს ტესტი კოვიდ19-ზე არ ჩატარებიათ.

მე-14 საჯარო სკოლაში მასწავლებლის და მოსწავლის სტატუსის მქონდე დედა-შვილის დაინფიცირების შემდეგ, 2 კლასში სწავლა დისტანციურად გაგრძელდა. აქედან ერთ კლასში ქალი ასწავლის, მეორეში კი ბავშვი ირიცხება.

რაც შეეხება პედაგოგის დაინფიცირების წყაროს, ინგა გელაშვილის თქმით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

"განსაკუთრებით ფრთხილობდა და კოლეგებთან კომუნიკაციასაც კი არ ამყარებდა. სკოლაში, რა ფორმით გაგრძელებულიყო სასწავლო პროცესი, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და გადაწყდა, რომ დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყო ეს ორი კლასი", - აცხადებს სკოლის დირექტორი.

ინფიცირებული პედაგოგი მკურნალობას თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკაში გადის. კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს კი დაავადების უსიმპტომო, მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ჯერჯერობით ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები