ლეონიძის სკვერში ტენისის მაგიდებს ანგრევენ. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სკვერის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ აცნობა.
იმის გასარკვევად, თუ რატომ მიმდინარეობს არსებული მაგიდების დემონტაჟი, საინფორმაციო სააგენტო რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის განცხადებით, არსებული მაგიდები სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, სწორედ ამ მიზეზით, სამსახურმა კომპანიისგან შესრულებული სამუშაოები ოფიციალურად არ ჩაიბარა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად გარკვეული ვადა მისცა.
კითხვაზე, ხომ არ ჩამორჩა სამუშაოები გეგმა-გრაფიკს და ხომ არ მოუწევს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საჯარიმო სანქციის გადახდა, ზაზაძე გვპასუხობს, რომ სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიისთვის ხარვეზების გამოსასწორებელი ვადის გამოყოფა გათვალისწინებული იყო.