გახარია წულუკიანს მადლობას უხდის

2020-10-08 11:36:22

8 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა მისი მინისტრობის პერიოდში გაწეული შრომისთვის.

„მინდა თეა წულუკიანს მადლობა გადავუხადო უაღრესად ნაყოფიერი 8 წლიანი შრომისთვის საქართველოს მთავრობაში. ასევე ხაზგასმით აღვნიშო, რომ მას დიდი პერსონალური როლი მიუძღვის მართლმსაჯულების ჰუმანიზაციის პროცესში. ჩამოვთვლი იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაშიც ქალბატონმა თეამ დიდი პროგრესი დაგვანახა:

აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება

დანაშაულის პრევენციის მექანიზმების დანერგვა

ბრალდებულთა და მსჯავლდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა

სისტემის ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები“

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა კოდექსის არსებობა თეა წულუკიანის დიდი დამსახურებაა.

„მინდა მას წარმატებები ვუსურვო პარლამენტში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოღვაწეობა იქნება ნაყოფიერი“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო 2012 წლიდან, 2020 წელს კი თანამდებობა დატოვა. ახლა ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია.