"ინტერტრანსის" ფეისბუქდამოკიდებული მძღოლი [video]

2020-10-25 00:02:59

"ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ იყენებს კომპანია "ინტერტრანსის" ვარკეთილის სამარშრუტო ხაზის მძღოლი მობილურ ტელეფონს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. [ვიდეო/video]

კადრებში, რომელიც საინფორმაციო სააგნეტოს ერთ-ერთმა რუსთავეელმა გამოუგზავნა, ნათლად ჩანს, რომ მძღოლი, რომელსაც ათობით მგზავრი გადაჰყავს, პარალელურ რეჟიმში Facebook-ს "სქროლავს".

"დაგვეხმარეთ. ინტერტრანსს იქნებ თქვენგან მაინც დავუკავშირდეთ და ამ მკვლელ მძღოლებს რამე მოუხერხონ. გთხოვთ გამოაქვეყნეთ ეს ვიდეო", - წერს "ინფო რუსთავს" მგზავრი.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსს" დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის გამო მძღოლს ერთი კვირით შეეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა, მეორე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი შესაძლოა მძღოლთან კომპანიამ ხელშეკრულება გაწყვიტოს.

„ინტერტრანსი“ მგზავრებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერზე - 0341 28 50 50.

"იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არღვევს წესებს და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები"- აცხადებს ინტერტრანსის წარმომადგენელი სოფო ცერცვაძე.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI