კვლევაში გიორგი ბეგაძეც მოხვდა

2020-10-07 14:39:01

IDFI საქართველოს პარლამენტარების 2018-2019 წლების საწვავის ხარჯებს აქვეყნებს.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

პარლამენტის ბალანსზე რიცხული 98 ავტომობილიდან 50 განპიროვნებულია პარლამენტის წევრებზე, რომელთა შორის ჭარბობს 2015 წელს შესყიდული TOYOTA CAMRY-ის მოდელის ავტომობილები.
2019 წელს (პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ), წინა წელთან შედარებით, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა.

2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა.
2019 წელს 15 დეპუტატის შემთხვევაში, დაფარული მანძილი აღემატება 50 ათას კილომეტრს.

მათ შორის ყველაზე დიდი მანძილი დაფარეს - დიმიტრი ხუნდაძე - 59,946 კილომეტრი, გიორგი ბეგაძე - 57,415 კილომეტრი, ზაზა გაბუნია - 56,420 კილომეტრი, ილია ნაკაშიძე - 55,966 კილომეტრი

2019 წელს საქართველოს პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ფარავდნენ 41,775 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 48,544 კილომეტრს.

პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.

2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის პერიოდი), წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით (14 ათასი ლიტრით) შემცირდა.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (აპრილი-მაისი) ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დიმიტრი ხუნდაძემ (1,128 ლიტრი), გიორგი წერეთელმა (1,119 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (1,073 ლიტრი), მარიამ ჯაშმა (1024 ლიტრი) და რატი იონათამიშვილმა (955 ლიტრი).

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი წერეთელი, გოჩა ენუქიძე, ირმა ინაშვილი, რატი იონათამიშვილი) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე წინა წლის იგივე თვეებში.