ტესტირება მე-5 და მე-7 კლასელებისთვის

2020-09-07 14:17:11

რუსთავის N12, N20 და N22 საჯარო სკოლის მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეები საცდელ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით 12-16 ოქტომბერს მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად ტესტირება ჩატარდება.

მასში მონაწილეობის სურვილი მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლამ გამოთქვა, მათ შორისაა რუსთავის სამი სკოლაც.

როგორც უწყებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, საცდელი ტესტირება მიზნად ისახავს, მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში.

პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი - მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.

ამ ტესტირების საშუალებით, მშობელს, მასწავლებელს, სკოლასა და განათლების სამინისტროს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიგონ, რა ცოდნას ფლობენ ამ საფეხურებზე მყოფი მოსწავლეები და არის თუ არა რაიმე სახის პრობლემები, რომლებიც მომავლისთვის უნდა გამოსწორდეს.

საცდელ ტესტირებაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს, საშუალება აქვთ გამოცდა როგორც სკოლაში, ასევე დისტანციურადაც ჩააბარონ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები