თბილისის მუნიციპალიტეტში ცხოველების სადისტურად დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. დიდგორის გზის პირას აღმოჩენილი იქნა ათამდე დახოცილი ძაღლი და იქვე დაყრილი ოთხი ცოცხალი ლეკვი. თვითმხილველმა, ბატონმა ა.ა-მ დახოცილი ძაღლების ფოტოები საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა. მან ძაღლები სოფელ დიღმის ბოლოს აღმოაჩინა. თვითმხილველის თქმით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა და თბილისის მერიის სამსახურს მიმართა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. „ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ აწარმოებს ინფორმაციის მოძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან“ და თვითმხილველისგან. GSPSA-ს ვარაუდით, აღნიშნული სისასტიკე განხორციელებულია ძაღლების პატრონის (ან პატრონების) მიერ ან მისი უშუალო დავალებით. ძაღლების უმრავლესობა ჯიშიანია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ცხოველების ცხვრის ფარის ან რქოსანი პირუტყვის დამცველები იყვნენ. „ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას“ ეჭვი შეაქვს იმაში, რომ გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება დამნაშავე და მის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რადგან პოლიციამ არ ჩაატარა დახოცილი ძაღლების იდენთიფიცირება და ლეშები არ გადააგზავნა შესაბამის დაწესებულებებში. ლეშები „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ გადატანილი იქნა ბეიკერის ორმოში, სადაც მოხდა მათი გაუვნებელყოფა და განადგურება. 4 ლეკვი კი გადაყვანილი იქნა მუნიციპალურ თავშესაფარში. GSPSA მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება.