საქართველოში მონოკლონურ ანტისხეულებს გამოცდიან

2020-10-06 19:49:57

მონოკლონური ანტისხეულები „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და ვფიქრობ, 2-3 კვირაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მონოკლონური ანტისხეული აბსოლუტური სიზუსტით ანადგურებს სამიზნეს.

„მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი დანიშნულებაა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და  რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება. 2-3 კვირაში საქართველოში, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება დღეისთის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. თუმცა, ჯერ მათი გარანტირებული ეფექტურობა დადასტურებული არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება "რემდისივირის", ცერცვაძის თქმით, დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, რომელიც კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას, საქართველო, დაახლოებით, 2-3 კვირაში მიიღებს.

მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნულთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ 2-3 კვირაში, საქართველო იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“. არ არის დამტკიცებული, რომ ეს მედიკამენტი ნამდვილად კურნავს „კოვიდს“, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედისმომცემად. ეს მედიკამენტი იმდენად იმედისმომცემია, რომ ამერიკაში ჯერ არ უწარმოებიათ ეს მედიკამენტი საკმარისი რაოდენობით და მთავრობამ წინასწარ შეისყიდა ის. ევროპის ქვეყნებიდან ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც გზები მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. 2-3 კვირაში, დიდი ალბათობით, შემოვა საქართველოში ეს წამალი. ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას, რაც ისედაც მცირეა“, – განაცხადა ცერცვაძემ.