არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ -ს მაჟორიტარი კანდიდატების პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი გასული წლების განმავლობაში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძეა.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ 2015-დან 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, კირკიტაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 77,000 ლარი შესწირა. თუმცა, ამ დროის მონაცემებით, ეს რიცხვი 86 000-მდეა გაზრდილი.
transparency.ge - ზე კი ვკითხულობთ, რომ კირკიტაძემ 2020 წელს ენმ-სთვის 11 000 ლარი გაიღო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, "ქართული ოცნების" დასამარცხებლად.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, პარტიის 5 ყველაზე მსხვილ შემომწირველს შორის მე-2 ადგილს 90 000 ლარით კახაბერ ოქრიაშვილი იკავებს. ამავდროულად, მას საკმაოდ სოლიდური თანხა აქვს გაღებული "ქართული ოცნებისთვისაც".
„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 16 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (13 – თავად, ხოლო 3-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 16 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 113 კომპანიასთან. თუმცა, ამ კომპანიების ნახევარი (56) დაკავშირებულია მხოლოდ 2 მაჟორიტარ კანდიდატთან: კახაბერ ოქრიაშვილთან და ცეზარ ჩოჩელთან.
17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებს და ბიზნეს პარტნიორებს 2012-2020 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 621,987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285,302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა. პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით): ცეზარ ჩოჩელი – 134,000 ₾, კახაბერ ოქრიაშვილი – 90,000 ₾, დავით კირკიტაძე – 77,000 ₾, ნანუკა ჟორჟოლიანი – 62,500 ₾ და ხატია დეკანოიძე - 52,000 ₾.
8 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) სხვა პარტიის შემომწირველიცაა: „ქართული ოცნება“ – 757 780 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 388,000 ₾, როლანდ ფიფია - 175,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 69,780 ₾, დილარ ხაბულიანი - 65,000 ₾, მანუჩარ კვირკველია - 60,000 ₾); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 145,000 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 85,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 60,000 ₾); „პატრიოტთა ალიანსი“ – 113,500 ₾ (ნატო ჩხეიძე); „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,398 ₾ (ლევან ხაბეიშვილი - 1,898 ₾, ნატო ჩხეიძე - 500 ₾); „ევროპული საქართველო“ – 2,000 ₾ (ვაჟა ჩიტაშვილი).
მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186,711 ₾. ეს კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე, კახა გეწაძე, გიორგი კაპანაძე, ნატო ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი.
კახაბერ ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული კომპანიები ასევე არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კანდიდატებთან დაკავშირებულ 3 კომპანიას სახელმწიფო პროგრამიდან გარკვეული თანადაფინანსება აქვს მიღებული 30,306,480 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე.
მხოლოდ 1 კანდიდატი, ბონდო თევდორაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.
წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 6 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-2020 წლებში მოუწიათ ქონებრივი დეკლარაციის შევსება: ბადრი ბასიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, ნატო ჩხეიძე, აზერ სულეიმანოვი, ნიკანორ მელია და მიშა ბოლქვაძე. დარღვევები გამოვლინდა მხოლოდ ერთ დეკლარაციაში:
ნატო ჩხეიძემ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში სრულად და სწორად არ ასახა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანიები.
გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.