ნინო ლაცაბიძე "აზოტის" თანამშრომლებს შეხვდა [video]

2020-10-01 19:36:49

"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის "აზოტში" დასაქმებულებს შეხვდა. [ვიდეო/video]

მაჟორიტარობის კანდიდატმა საწარმოს თანამშრომლებს თავი წარუდგინა, რიგ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი ხედვები გააცნო და მათ პრობლემებს მოუსმინა. ამასთან, ნინო ლაცაბიძე დასაქმებულებს ესაუბრა იმ გეგმებზე, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აქვს.

ერთ-ერთ საამქროში დასაქმებული პირები მმართველი პარტიის მიმართ საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ და სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს საკუთარი უკმაყოფილების მიზეზებიც გააცნეს.

დასაქმებულებმა ძირითადი პრეტენზიები ქვეყანაში და ქალაქში არსებულ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით გამოხატეს. საუბარი შეეხო სამუშაო ადგილების ნაკლებობას და არსებულ სამუშაო ადგილებზე პირობების გაუმჯობესების საჭიროებას. გარდა ამისა, შეხვედრაზე საწარმოს მუშები იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწების დაკანონების საკითხსაც შეეხნენ. მათი თქმით, წლებია ელოდებიან იმ მიწების დაკანონებას, რომლებიც მათ საბჭოთა კავშირის პერიოდში გადასცეს.

როგორც ნინო ლაცაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ის სწორედ იმ მიზნით ხვდება მოსახლეობას, რომ მათ საჭიროებებს გაეცნოს. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, თითოეულ პრობლემას, რომელიც მუშებმა შეხვედრაზე დააყენეს, ამ ადამიანებთან დეტალურად გაივლიან და ისაუბრებენ მათი მოგვარების გზებზე.

"ჩვენთვის მისაღებია თითოეული კითხვა და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით. იყო პრობლემები მიწის რეფორმასთან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მათ გავაცანით ჩვენი ხედვები, ჩვენი გეგმები და იმედი მაქვს, რომ არჩევნების მერეც ძალიან ხშირად გვექნება კომუნიკაცია და თითოეულ საკითხზე გვექნება უფრო დეტალური განხილვები", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

საამქროების დათვალიერების შემდეგ, აზოტის დირექტორმა ლევან ბურდილაძემ პრეზენტაცია მოაწყო გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე.

გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საწარმოში ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ გაიწერა, "აზოტში" არსებული ყველა ხარვეზი 2023 წლამდე უნდა აღმოიფხვრეს.

"გასული წლის ბოლოსკენ შეგვამოწმა გარემოს დაცვის სამინისტრომ. ერთობლივი თანამშრომლობით, გარკვეული ხარვეზები დავაფიქსირეთ. ჩვენ ეს მემკვიდრეობა დაგვხვდა და ამის მოგვარების მიზნით, ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ სამინისტროსთან, შემოწმების შემდეგ შევიმუშავეთ გეგმა-გრაფიკი იმ ხარვეზების აღმოფხვრისათვის, რომელიც დაგვიფიქსირდა და ის გაწერილია 2023 წლის ჩათვლით", - განაცხადა ლევან ბურდილაძემ.

ნინო ლაცაბიძემ უკვე არაერთგზის აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები