თვითმმართველობის რეფორმაში აქტიურად ვმონაწილეობდით, – განაცხადა „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, 8 წლის განმვლობაში “კონსერვატიული პარტია” „ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და გაცილებით უფრო დიდია ალბათობა იმის, რომ ისინი ოცნებასთან ერთად გააკეთებენ კოალიცია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან.
ძიძიგურმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტია“ ყველა იმ წარმატებულ რეფორმასა თუ შეცდომაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელდა.
„ვფიქრობ ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა. მაგალითად ჯანდაცვის რეფორმა, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდით, თვითმმართველობის რეფორმა, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდით, სასამართლო რეფორმა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. კითხვაზე, არის თუ არა „კონსერვატიული პარტია“ ოპოზიციური პარტია, ძიძიგური პასუხობს:
„როდესაც ხელისუფლებაში არ ხარ, ხარ ოპოზიციური პარტია, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს, მაგრამ ოპოზიციაცაა და ოპოზიციაც. ჩვენ გამოვიდეთ და დავიწყოთ ისეთი ტიპის წინააღმდეგობა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს განვლილ 7 წლიან პერიოდს, ამას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას პარტია წარმართავს არა რომელიმე პარტიასთან, არამედ იმ პრობლემებთან დაპირისპირებით, რომლებიც ქვეყანაშია. ასეთ პრობლემებად კერძოდ, მაგალითად მან დაასახელა ნარკოდამოკიდებულების პრობლემა.