მარნეულში ფიზიკურად რუსთაველ ოპერატორს გაუსწორდნენ

2020-09-30 12:22:54

მარნეულში "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ნაცემი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი რუსთაველია.

ზაზა ბარამიძემ "ინფო რუსთავთან" დეტალურად გაიხსენა, როგორ მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა.

"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს მანქანა დაუმტვრიეს და გადასაღებად მივედით. ჟურნალისტმა მითხრა, შენ ჩადი კადრების გადაღება დაიწყე, მე მანამდე მანქანას გავაჩერებო. დაზიანებული მანქანის კადრებს ვიღებდი და უცებ ჩოჩქოლის ხმა შემომესმა "ქართული ოცნების" შტაბთან. ჩართული კამერითვე გავიქეცი, რომ კადრები ამეღო. ამ ჯგროს რომ მივუახლოვდი, უცებ ისე აღმოჩნდა, ჩხუბის შუაში მოვექეცი. რომ ვთქვა შემთხვევით მოხდა ყველაფერითქო, მასე არ იყო. დამინახეს თუ არა კამერით ვიღებდი, 2-მა კარგმა ნავარჯიშებმა ახალგაზრდამ პირდაპირ ჩემსკენ გამოიწია, როგორ მოხვდი შენ აქ კამერით ხელში და რას ქვია იღებო. დაქირავებულებს გავდნენ, სულ უცხოები იყვნენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეკვეთით იყვნენ მოსულები. ერთმა კამერა გამომტაცა და მერემ ორჯერ ყბაში კარგი მუშტი მითავაზა. რამდენიმე წამში გავიგე კამერის მსხვრევის ხმაც. შემდეგ მოვიდა ჩემი ჟურნალისტი, რომელიც ვერ შეესწრო ამ ფაქტს, ეს ხდება წამებში. პოლიციაც იქვე იყო, ახლოს ტრიალებდნენ, ჟურნალისტმა დაიწყო ყვირილი, პოლიციას მიმართა", - უყვება ზაზა ბარამიძე "ინფო რუსთავს".

ოპერატორი კითხვაზე, მოახდინა თუ არა იდენტიფიცირება, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაუსწორდნენ მას ფიზიკურად თუ "ნაციონალური მოძრაობის", პასუხობს, რომ: "ვერ მივხვდი ვისი მხარე იყო".

გარდა ამისა, ზაზა ბარამიძის თქმით, მას არც მოძალადეების ამოცნობა არ შეუძლია. ოპერატორი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

"დაპირისპირების დაწყების მომენტში კამერაში ვიყურებოდი და მათი სახეები არ დამინახავს", - აცხადებს ბარამიძე.

მისივე თქმით, კამერის დაზიანების გამო, გადაღებული კადრების შენახვა ვერ მოხდა.

ზაზა ბარამიძე ამ დროისთვის თავს კარგად გრძობს. მისი განცხადებით, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და ჰოსპიტალიზაციაზეც უარი განაცხადა.