სკოლის დირექტორი რამდენიმე დღის წინ დააკავეს

2020-09-28 11:36:37

სასამართლომ ცოლ-შვილის მუქარისთვის დაკავებული სკოლის დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

ცოლისა და არასრულწლოვანი შვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული სკოლის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით 10 000 ლარი შეუფარდა.

„ეს არ ნიშნავს, რომ იგი დამნაშავეა, ვიდრე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს. 10 ათასი ლარი სახლში ბევრს არ უდევს, ამიტომ მისი გამოყვანა უძრავი ქონების უზრუნველყოფის შემდეგ მოხდება“, - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ბრალდებული სკოლის დირექტორი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და მომხდარზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ შსს–ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი 23 სექტემბერს დააკავეს.