გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთაველებს შეხვდა [photo]

2020-09-26 21:44:08

რუსთავის ცენტრალურ პარკში პოლიტიკური პარტია "გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთაველებს შეხვდა.

ვახტანგ მეგრელიშვილმა პარკში შეკრებილებს მისი წინასაარჩევნო გეგმები გააცნო.

მისი განცხადებით, ის აპირებს, რომ გირჩის რუსთაველ წევრებს შეხვდეს და მათთან ერთად მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბროს.

"მე არ ვარ რუსთაველი და მგონია, რომ ეს გამომარჩევს ნებისმიერი მაჟორიტარი კანდიდატისგან, რომელიც ამბობს, რომ სპეციფიური კავშირი აქვს ამ ქალაქთან, უყვარს და ასე შემდეგ.

ჩემი ამოცანაა, რომ სრულიად განსხვავებული კამპანია ვაწარმოო.

სულ ორი კვირის წინ ჩამოვედი ამ ქალაქში, არცერთ ადამიანს არ ვიცნობდი და ნახეთ, შეხვედრაზე თავისი ინიციატივით მოვიდა ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ჩემს გარეშე იცის, რა მინდა. მათ ზუსტად იციან, რა მინდა.

ერთადერთი, რაც მე ამ ქალაქისთვის სასარგებლო შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ უცხო თვალით დავაკვირდე აქ მიმდინარე პროცესებს და ჩემი გულწრფელი აზრი ვუთხრა, რა დავინახე.

ამ არჩევნებისთვის რუსთაველებს ვთავაზობ იმას, რაზეც შეთანხმდა ოპოზიცია. რასაც აკეთებდა გირჩი ბოლო ერთი წლის განმავლობაში...

მთელი რუსთავისთვის მინდა, გასაგები იყო, რა შეიძლება მოხდეს თუ ოპოზიცია თავის სიტყვას შეინარჩუნებს არჩევნების შემდეგ და ოპოზიცია გაიმარჯვებს. სინამდვილეში რასა და რას შორისაა არჩევნი, მინდა, რომ რუსთაველებს ავუხსნა მე როგორც მესმის ეს...

მე ამ არჩევნებს არ ვუყურებ, როგორც რომელიმე კონკურენტთან ბრძოლას. სინამდვილეში ჩემი ამოცანაა, რომ მინიმუმ ეს ადამიანები გავიცნო.

მე მინდა, რუსთავში ჩემს ოპონენტებს თუ კონკურენტებს ვიდრე არჩევნების დღე დადგება, ველაპარაკო როგორც რიგითი ადამიანი",- განაცხადა გირჩის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

მეგრელიშვილის თქმით, რუსთავი არის ის ქალაქი, სადაც გირჩმა წინა არჩევნებზე თბილისის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, ამიტომ მისი ამოცანა ამ შედეგის გაუმჯობესებაა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები