ვინ იბრძოლებს ლეიბორისტული პარტიიდან რუსთავის მაჟორიტარობისთვის

2020-09-26 17:58:14

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში მიხეილ ქუმსიშვილი იქნება. პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა მისი კანდიდატურა ცოტა ხნის წინ წარადგინა.

ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატის თქმით, რუსთაველი არაა, თუმცა ამ ქალაქს ბავშვობიდან კარგად იცნობს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, კენჭი აღნიშნულ ოლში ეყარა.

"რუსთავში მყავს ძალიან ბერვი ბავშობის მეგობარი. ეს ქალაქი ჩემთვის არის ძალიან ნაცნობი და ახლობელი. გასულ წელს აქტიურად ვიბრძოდი კომპანია ინტერტრანსის წინააღმდეგ, რომელმაც თვითნებურად გადაწყვიტა, გაეზარდა სამგზავრო ტარიფი და ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვაწყვეთ მასშტაბური აქციები, რის შედეგადაც შევაფერხეთ პროცესი", - განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრობს, რომ პირველ ადგილზე, რუსთავში, ჰაერის დაბინძურების პრობლემა დგას. კითხვაზე, თუ რა ხედვები აქვს პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, გვპასუხობს, რომ: "პრობლემების ლობირება უნდა მოხდეს საკანონმდებლო ორგანოში, შემდგომ კი მათი გადაჭრა და გადაწყვეტა. მე ვიქნები შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის".

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი მთავარ კონკურენტად "ქართული ოცნების" კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს მიიჩნევს.

"არის სახელისუფლებო კანდიდატი, ვინაიდან მას ზურგს უმაგრებს ძალიან დიდი ფულადი, ადმინისტრაციული რესურსი და აგრეთვე ისინი არ დაიხევენ უკან, წავლენ დაშინებაზე, ძალადობაზე იმისათვის, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზანს", - აცხადებს მიხეილ ქუმსიშვილი.

მიხეილ ქუმსიშვილი 27 წლისაა და ის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერია. ქუმსიშვილი ასევე გახლავთ მოძრაობა "გაბედეს" დამფუძნებელი.

ამჟამად მიხეილ ქუმსიშვილი მაგისტრანტია და სწავლას განაგრძობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე.