დაიწყება თუ არა სწავლა რუსთავის ბაგა-ბაღებში

2020-09-25 17:45:49

"ინფო რუსთავს" ათობით მშობელი დაუკავშირდა კითხვით, განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი 1-ელი ოქტომბრიდან რუსთავის ბაგა-ბაღებში.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა 1-ელი ოქტომბრიდან, ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ბაღების გაერთიანებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ შეცვლილა და მუნიციპალიტეტიც შესაბამის ზომებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საკოორდინაციო საბჭო სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღს შეცვლის ან უსაფრთხოების მიზნით, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

"ინფო რუსთავი" იმის გარკვევის მიზნით, მიმდინარეობს თუ არა ბაღებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული მითითებების შესრულებაზე შრომის ინსპექციის მიერ მონიტორინგი, უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საბოლოო შედეგი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენმა ბაღმა მოახერხა რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება ქალაქში, უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.