ხმაურის შესახებ კანონპროექტი პიროტეკნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურზეც გავრცელდება. კერძოდ, ფოიერვერკის გამოყენება მხოლოდ თვითმმართველობის ნებართვით დღესასწაულებსა და ოფიციალურ სახელმწიფო ღონისძიებებზე იქნება ნებადართული. აღნიშნული პუნქტი პროექტს განხილვის პროცესში დაემატა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დღეს დაუჭირა მხარი.
პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხევაში ფიზიკური და იურიდიული პირი გაფრთხილებას მიიღებს. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა კი ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე, ირაკლი ბერაია და სალომე ზურაბიშვილი არიან.
კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლის პირველ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს საპატრულო პოლიცია შეადგენს, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2018 წლის პირველი აპრილიდან კი ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.