რუსთაველი გიორგი ინანიშვილი სრულიად გამოჯანმრთელდა

2020-09-25 00:57:35

ზარი თურქეთიდან თარჯიმნის საშუალებით განხორციელდა. ტელეფონზე თურქი პროფესორი, ერდან ერთურერი რეკავდა - სწორედ ასე გაიგო 19 წლის რუსთაველმა ბიჭმა გიორგი ინანიშვილმა, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა და სიმსივნესთან ბრძოლა მისი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

“პათოლოგიურ მასალაზე არ ფიქსირდება არანაირი ცოცხალი სიმსივნური უჯრედი”, - ეს სიტყვები წერია იმ კვლევის დასკვნაში, რომელიც გიორგის ოპერაციის შემდეგ ჩატარდა.

კლინიკამ სტამბოლში პათოლოგიურ მასალაზე კვლევის პასუხი გუშინ მიიღო, გიორგის და მის ოჯახსაც სატელეფონო ზარის საშუალებით გუშინ შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი სიმსივნისგან სრულიად განიკურნა.

“ცოცხალი სიმსივნური უჯრედები არ მიფიქსირდება პათოლოგიურ მასალაზე. ოპერაციამდე გაკეთებულ კვლევებზე დაყრდნობით, მეტასტაზები არსად იყო გავრცელებული და ამით იმდენად გაოგნდნენ ექიმები, რომ მასალა ხელახლა გადააგზავნეს საკვლევად”, - უყვება გიორგი “ინფო რუსთავს”.

ყველაფერი კი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გიორგი ინანიშვილს, რომელიც სპორტსმენია და პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობას, იუნგის სარკომა დაუდგინდა.

“სპორტსმენი ვიყავი აქამდე. რაც თავი მახსოვს, სულ ვვარჯიშობდი. ერთხელ ტრავმა მივიღე ფეხზე და მას შემდეგ მაწუხებდა, თუმცა იმდენად არ შეუშლია ხელი, რომ ვერ გამეგრძელებინა ვარჯიში. ახალ წელს ძმაკაცი დამაჯდა ფეხზე შემთხვევით და საშინელი ტკივილი მქონდა. დილით შესიება შევამჩნიე, რომელიც ყოველ დღე იზრდებოდა.

ექიმებს მივმართეთ საქართველოში და 18 თებერვალს თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გავიკეთე ოპერაცია, რომელიც არ აღმოჩნდა სწორად ჩატარებული. შემდეგ ონკოლოგიურ კლინიკაში დავიწყე ქიმიოთერაპიის კეთება ქალბატონ ნია შარიქაძესთან. ძალიან დიდი მადლობა მათ, რადგან ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. ჩემს თერაპიებს ქალბატონი ქეთი ცინცაძე კურირებდა. ვერ მოვასწარი ქიმიოთერაპიების დასრულება, ფეხში ისევ ვგრძნობდი რაღაცას. ვერ აღვწერ რა შეგრძნება იყო. კავშირზე გავედით თურქეთში, ლივის კლინიკასთან. მოკვეთილი მაქვს ბარძაყის ძვლის ნაწილი და მუხლი. პლატინითაა ჩანაცვლებული, რომელიც ყოველ 15-20 წელიწადში უნდა შეიცვალოს მსგავსი ოპერაციით”, - უყვება გიორგი “ინფო რუსთავს”.

გიორგი ინანიშვილს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი, უსაფრთხოების მიზნით, ისევ ესაჭიროება. კურსების გავლას რუსთაველი ბიჭი ისევ საქართველოში გეგმავს.

რუსთაველი 19 წლის ბიჭი მადლობას უხდის ყველა ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს როგორც ფინანსური, ისე მორალური მხარდაჭერისთვის და ამბობს, რომ იგრძნო, როგორ გაერთიანდა სრულიად საქართველო მის გადასარჩენად.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI