მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა

2020-09-26 15:25:47

რუსთავის მერიაში მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება.

წელიწადში ერთხელ, 100 ლარის ოდენობის მედიკამენტებს მუნიციპალიტეტი უფინანსებს შშმ პირებს ან პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 000-ზე ნაკლებია. ამასთან, დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პირობაა რუსთავში 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია.

როგორც მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დაფინანსების მიმღებ პირს, 100 ლარის ფარგლებში, ნებისმიერი სახის მედიკამენტის შეძენა შეუძლია, გარდა ფსიქოტროპული პრეპარატებისა.

"შეზღუდვაა მხოლოდ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე, რასაც სპეციალური რეცეპტი სჭირდება. მედიკამენტების დაფინანსების მისაღებად საჭიროა განმცხადებელმა წარადგინოს ფორმა #100, რომელშიც იქნება მედიკამენტების ჩამონათვალი, აფთიაქიდან წარმოდგენილი კალკულაცია და სარეიტინგო ქულის ამონაწერი. გარდა ამისა, ცხადია, საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თუ არასრულწლოვან პირზეა საუბარი, მშობელი წერს განცხადებას და მას ერთვის დაბადების მოწმობა", - განაცხადა ნინო ქვირიამ.

როგორც წესი, მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნა, განცხადების დაწერიდან რამდენიმე დღეში კმაყოფილდება.