გადაიდება თუ არა სკოლებში სწავლის დაწყება

2020-09-22 19:29:25

იმ შემთხვევაში თუ მომდევნო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 200-ის ფარგლებში იქნება, სწავლა სკოლებში, შესაძლოა, კიდევ 2 კვირით გადაიდოს.

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა.

,,თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სწავლა სკოლებში 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დიდ ქალაქებში როგორებიცაა თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და ფოთი სწავლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო.