რა ღირს ელექტრო სკუტერის გამოყენება რუსთავში

2020-09-21 23:29:34

რუსთავში ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისის, სქროლის შემოსვლამ, მოსახლეობაში არაერთი კითხვა გააჩინა. პირველ რიგში კი, საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს, რა ღირს ქლაქის ქუჩებში “გასქროლვა”.

როგორც “ინფო რუსთავს” კომპანია scroll-ის წარმომადგენელმა ჯურხა სიხარულიძემ განუცხადა, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ჩართვა 1 ლარი,  ყოველი მომდევნო წუთით მისი გამოყენება კი, სავარაუდოდ, 25 თეთრი ეღირება.

ამ ეტაპზე, 1 წუთის ღირებულება 35 თეთრია, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსთაველებისთვის ფასი დაკორექტირდება.

“რუსთავი არის საკმაოდ ლანდშაფტურად მორგებული ეკოლოგიურ ტრანსპორტზე, სკუტერებზე და ველოსიპედებზე. ასევე, ველობილიკების ინფრასტრუქტურაც ძალიან კარგად არის განვითარებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტრანსპორტი საკმაოდ მორგებულია ამ ქალაქზე, მით უმეტეს, რომ არის ეკოლოგიურად სუფთა.

ქალაქში შემოვიდა 40 ალტერნატიული, მწვანე ტრანსპორტი და თანაბრად იქნება გადანაწილებული როგორც ძველ, ისე ახალ რუსთავში, ორივე მხარეს. რაც შეეხება ღირებულებას, ვგეგმავთ, რომ ფასი რუსთაველებისთვის დაკორექტირდეს”, - განაცხადა “scroll”-ის წარმომადგენელმა ჯურხა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ელექტრო სკუტერის მოხმარების წესებს, გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:
* უსაფრთხოების მიზნით, სკუტერის მოხმარებისას უნდა გამოიყენოთ ჩაფხუტი;
* 18 წლამდე ასაკის პირთათვის სკუტერის გამოყენება აკრძალულია.;
* სკუტერი გათვლილია მხოლოდ ერთ ადამიანზე.

როგორც კომპანი “scroll”-ში განმარტავენ, ეკო-მეგობრული ტრანსპორტით გადაადგილების სიჩქარეზე დაწესებულია გარკვეული ლიმიტი. უფრო ზუსტად კი, პარკებში გადაადგილებისას სიჩქარე ავტომატურად მცირდება 15კმ/სთ-მდე, ქალაქში, ველობილიკებზე კი დაშვებულია 20 კმ/სთ-ით გადაადგილება.
და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკუტერების გამოსაყენებლად, პირველ რიგში, აპლიკაცია Bird უნდა დააყენოთ, რომელსაც Play Store-ზე და App Store-ზე იპოვით.

“ინფო რუსთავი” კი გთავაზობთ მინი ინსტრუქციას, რომელიც აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, თქვენთვის იქნება უფრო გასაგები და მარტივი:

1. ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე სკუტერებია დაყენებული;
2. აპლიკაციის საშუალებით მათ ადგილმდებარეობას პირდაპირ რეჟიმში ხედავ და ნახულობ, რომელია შენთან ყველაზე ახლოს;
3. მიდიხარ ნებისმიერ მათგანთან, აპლიკაციას კამერით სკუტერზე მიკრულ QR კოდს დაანახებ, შემდეგ დააჭერ Unlock-ს და სკუტერი აქტიურია;
4. როდესაც დანიშნულების ადგილას მიხვალ, სკუტერიდან გადმოხვალ, აპლიკაციაში მგზავრობის დასრულებას მიუთითებ.
სქროლის დაფარვის ზონა აპლიკაციაში, რუკაზეა მითითებული, თუ ამ ზონას დავტოვებთ, სკუტერი ხმოვანი შეტყობინებით გაგვაფრთხილებს და რამდენიმე წუთს მოგვცემს, რომ საოპერაციო ზონაში დავბრუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძრავი გაჩერდება და მას ვეღარ გამოიყენებთ.

ერთი დამუხტვით სკუტერი, დაახლოებით, 30 კილომეტრს გადის.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები