"სრულად არ ვეთანხმები ექსპერტიზის დასკვნას"

2020-09-18 12:55:31

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა.

ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ესე იაროს ადამიანმა და ამდენი აბები ყლაპოს, მარტო გულის რევას გამოიწვევდა. აღარ არის უკვე ტყუილები. იმას არკვევენ ჩემს მიერ წარდგენილი სატელიტის სურათები თურმე ცრუ ყოფილა და იმას არ არკვევენ, რომ ავტომობილი იქ არ იდგა",- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც სიკვდილის მიზეზი  უნდა იყოს მედიკამენტოზური  ინტოქსიკაცია.

გარდა ამისა, პროკურატურამ ისაუბრა მიხეილ რამიშვლილის მიერ წარდგენილ სატელიტის სურათებზეც და აცხადებს, რომ ფოტოსურათები არის დამონტაჟებული და ყალბი.

"თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის  ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ასევე აპირებს, რომ პროკურატურას დაუსახელოს იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელმაც მას სატელიტის ფოტოები გადაუგზავნა.

მისი, თქმით ეს პიროვნება მზადაა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია.