ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა [video]

2020-09-17 15:13:10

რუსთავში, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა. [ვიდეო/video]

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ტერიტორიაზე, ექსპერტიზის პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა, გარდაცვლილი გოგონას მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

უფლებადამცველ ეკა ქობესაშვილის განცხადებით, ავტომობილის პირველ ექსპერტიზაზე ძირეული კვლევისთვის საკმარისი მასალა არ იყო ამოღებული.

"ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზები, მანქანაში არსებული დნმ-ის არერთ კვალთან და ბიოლოგიურ მასალასთან დაკავშირებით. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ექსპერტებისთვის არ იყო საკმარისი მასალა აღებული მანქანიდან, რომ მომხდარიყო ძირეული კვლევა და აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება", - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.

პროკურო ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით პასუხი გაეცემა 2 მნიშვნელოვან კითხვას.

"მნიშვნელოვანია სამხარაულის ექსპერტიზაში გაიგზავნოს დამატებითი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ მწერების წარმოშობიდან მათ აღმოჩენამდე რა პერიოდი იყო გასული და ამასთან, ის მწერები, რომლებიც აღმოჩენილი იქნა შემთხვევის ადგილას, შეიცავს თუ არა იმ მედიკამენტებს და რა კონცენტრაციით, რომელიც აღმოჩენილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში", - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

სიცხადისთვის, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, "საკალმახე ალგეთის" ტერიტორიაზე აღმოაჩინეს მწერების კვალი. მათი ვარაუდით, შესაძლოა აღნიშნული მწერების სახეობა იდენტური იყოს იმ მწერების სახეობისა, რომელთა კვალიც ნაპოვნი იქნა ბაჩალიაშვილის გვამზე და მის ავტომობილში.

23 წლის გოგონას ოჯახის ვერსიით  მანამ, სანამ გარდაცვლილ ბაჩალიაშვილს მაწევანში, ტყეში მიიყვანდნენ, ის "საკალმახე ალგეთის" ტერიტორიაზე იყო დასვენებული.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ახსენა ქვემო ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანი, ნიკოლოზ ბაჭულაშვილი და განაცხადა, რომ აუცილებელია ნიკოლოზ ბაჭულაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა.