„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის ძირითად მიზანს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს და სრულად ასახავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს.
ახალი რეგულაციებით, პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება, სამინისტროსთან შეთანხმებით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გარემოს აღსადგენად, ამასთან, თავად გაიღოს სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხები. პირი ვალდებული იქნება გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები მოსალოდნელი ზიანის აღმოსაფხვრელად.
კანონპროექტზე მუშაობა სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები.
ინფორმაცია სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.