კორონავირუსის ახალი შემთხვევები

2020-09-16 18:52:16

კორონავირუსის გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაა კავშირში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდ ათკახეთის პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელსა და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის 1 თანამშრომელს.

უწყების ცნობით, 14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად ​კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ. დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ 6 პირს. ექვსივე მათგანი ე.წ. „საბერიოს კლასტერის“ წევრია და გუბერნიის ინფორმაციით, ინფიცირებულებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის განმავლობაში გადმოიყვანენ.

გარდა ამისა, ვირუსი დაუდასტურდა სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს. ამის შესახებ განცხადება თავადაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

"სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2 758 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.