"ვისაც 37 აქვს ტემპერატურა, უნდა გაიკეთოთ გამოკვლევა"

2020-09-16 14:40:14

"ყველამ უნდა იცოდეს დღეს ბათუმში, რომ ვისაც 37 აქვს ტემპერატურა, უნდა გაიკეთონ შესაბამისი გამოკვლევა. ხაზს ვუსვამ, ადრეულ ეტაპზე დაწყებული მართვა დაავადებისა, იძლევა საუკეთესო გამოსავალს", - ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ამ ტემპერატურის მიზეზი შესაძლოა სხვა ბევრი დაავადება იყოს, ამიტომაც არის საჭირო დიფერენცირება. შესაბამისად უნდა ჩავიტაროთ ტესტი, რომელიც არის ყველაზე კარგი სადიფერენციაციო საშუალება, ეს არის ტემპერატურა კორონავირუსით გამოწვეული თუ სხვა მიზეზით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყეტილებით, აჭარაში, კომერციულ დაწესებულებებში მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება. თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ ბათუმში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებსაც.

„გაძლიერებულია თერმოსკრინინგი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და განსაკუთრებით ბათუმში. დღეს უკვე უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში. ასევე, თერმოსკრინინგი ინტენსიური იქნება ბათუმში შემსვლელებზე და გამსვლელებზე. მოეწყობა შესაბამისი პუნქტები, სადაც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, ის ადმიანები დაექვემდებარებიან ტესტირებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.