მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვას უპასუხა და დეტალურად ახსნა, რატომ იყო გამოცხადებული ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მაშინ, როცა დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის იმაზე ნაკლები შემთხვევები ფიქსირდებოდა, ვიდრე ბოლო პერიოდის განმავლობაში.
მეზვრიშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო ჯანდაცვის სექტორის მომზადება და სწორედ ამ მიზნით, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეკავება.
"ჩვენ წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი და უნდა მიგვეღო ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეგვეკავებინა. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და გავატარეთ განსაკუთრებით მკაცრი ზომები. დღეს არსებობს საზოგადოებაში კითხვის ნიშნები, რატომ იყო მაშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული, როცა 10-ჯერ მეტი შემთხვევაა ახლა. ამაზე პასუხი მარტივია, ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა, სისტემის მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება და ფაქტიურად, ჩვენ ეს შევძელით. სისტემა, დღეს შეგვიძლია თამამად ვთავქთ, რომ არის მომზადებული. ამით აიხსნება ის გადაწყვეტილებები და მთავროის პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ისმის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.