რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატთა სია გაიზარდა [photo]

2020-08-13 13:34:56

მაჟორიტარობის კანდიდატების სია რუსთავში გაიზარდა.

ამ დროისთვის, "ინფო რუსთავისთვის" 9 კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი მზარდია და გამორიცხული არ არის, ასპარეზზე სხვა სახელები და გვარებიც გამოჩნდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კანდიდატების დარეგისტრირების საბოლოო ვადა არჩევნებამდე არაუმეტეს 30 დღეა.

გთავაზობთ იმ პირების ჩამონათვალს, რომელთა შესახებაც "ინფო რუსთავს" დაზუსტებული ინფორმაცია აქვს.

ვახო მეგრელიშვილი - "გირჩმა" რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვახო მეგრელიშვილი დაასახელა. მეგრელიშვილი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. ვახო მეგრელიშვილი წლების წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

პაატა ჯიბლაძე - „პატრიოტთა ალიანსიდან“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე იქნება. პაატა ჯიბლაძე პარტია "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერია.

გოჩა ცოფურაშვილი - გოჩა ცოფურიშვილი რუსთავში პოლიტიკუტი პარტია "სახალხო ტრიბუნა"-ს კანდიდატია. პოლიტიკური მოძრაობა გასულ წელს დაფუძნდა. გოჩა ცოფურიშვილი 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო.

დავით კირკიტაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის დავით კირკიტაძე იბრძოლებს. კირკიტაძე ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ის წლების განმავლობაში ქვემო ქართლის გუბერნატორი გახლდათ.

ნინო ლაცაბიძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-მ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა. ლაცაბიძე რუსთაველია. მისი ბოლო სამუშაო ადგილი თბილისის საკრებულო იყო, ლაცაბიძე ისნის მაჟორიტარი გახლდათ. 2008 წლიდან ნინო ლაცაბიძე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ბესო ჩუბინიძე - ბესო ჩუბინიძე რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის პარტია "ქართული ფესვებიდან" იბრძოლებს. პარტია ახლახანს შეიქმნა. ბესო ჩუბინიძე რუსთაველია წლებია ჟურნალისტიკაშია, გამოუშვა 2 წიგნი. ის ჟურნალ "ვარსკვლავებისა" და მუსიკალური დაჯილდოება "მეგას" დამფუძნებელი გახლავთ.

ირმა ნადირაშვილი - "ევროპული საქართველოს" კანდიდატი რუსთავში ირმა ნადირაშვილი იქნება. ნადირაშვილი ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ, მას აქვს ასევე სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. 2012 წლამდე ის გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ირმა ნადირაშვილი რუსთაველია.

გრიგოლ გეგელია - გრიგოლ გეგელია რუსთავში პარტია "ლელო საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება. გეგელია "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრია. ის ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორია.

ალექსანდრე კობაიძე - ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელი პარტიის სახელით იბრძოლებს ცნობილი რუსთაველი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, ის დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება და რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუერთდება. კობაიძე სხვადასხვა დროს არაერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში იყო ჩართული.