ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ თხილის სატეხით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ზუგდიდში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდა. ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, 1982 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.