კორონავირუსის ახალი შემთხვევები

2020-09-12 17:28:31

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ნაწილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, თუ სად იყვნენ დასაქმებული კოვიდინფიცირებული პირები და როგორ მოხდა მათი დაინფიცირება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

„5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 000-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა. განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად. უშუალოდ შენობაში საბუთების წარდგენისას მკაცრად იყო დაცული რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და ცესკოს დადგენილებით გაწერილი მოთხოვნები, მათ შორის, თერმოსკრინინგი, დისტანცია, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და დეზობარიერები. ამასთან, დადგენილებით ასევე მოთხოვნილია სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება და დღეში რამდენჯერმე ბუნებრივი ვენტილაცია. ადგილზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საბუთების წარდგენის პერიოდი არ აღემატებოდა 15 წუთს. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე არანაირი სიმპტომები არ აქვთ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს აღენიშნება სიმპტომები, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს,“- ნათქვამია საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაში .

გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ინფიცირებულთა შორის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია, რომელიც უკვე ჰოსპიტალიზირებულია.

"ერთი დადასტურებული შემთხვევა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გვყავს, ყველა კონტაქტირებული პირი თვითიზოლაციაში არის გადაყვანილი, თვითონ ინფიცირებული ჰოსპიტალიზაციაშია. აჭარის განათლების სამინისტროში "კოვიდ-19" ინფიცირებული არ არის. ძალიან მოიმატა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საკარანტინე სივრცეში გადავიყვანთ ან არის გადაყვანილი, ისინი რეაბილიტაციას გადიან. ახალი კერა არ გვაქვს",- განაცხადა რუსუდან შავიშვილი.

ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა გორში, ქორწილში მყოფ 3 პირს.

,,სამ ადამიანს, რომელიც გორში გამართულ ქორწილში სხვა რეგიონიდან სტუმრად იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა.

არცერთი მათგანი არ არის გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მათთან კონტაქტში მყოფთა დადგენა და ეპიდკვლევები. არაერთ ადამიანს მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, ყველა საეჭვო შემთხვევაზე ტარდება ტესტირება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.

ინფიცირება დღეს დაუდასტურდა „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის დედას.

„დედას დაუდასტურდა კოვიდი. აი, ახლა, კი ცუდად ვარ“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა გუშინ. ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.