რუსთავში არსებული ყველა საჯარო თუ კერძო სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმში დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა მიაწოდა.
როგორც ხეჩიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რუსთავში არსებულ არც ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ონლაინ გაკვეთილების განახლების კუთხით პრობლემა არ შეექმნება.
რაც შეეხება საკლასო ოთახებში სწავლებას, რომელიც 1 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს, რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინსპექტირება ქალაქის სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაწესებულებებში სრულადაა შესრულებული კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო, თუმცა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სკოლებმა დისტანციურ რეჟიმში სწავლებები 15 სექტემბირდან ჩვეულ რეჟიმში უნდა განაახლონ.