კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-09-11 14:45:50

რუსთავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქდან 3 ერთი ოჯახის წევრია. 3-ვე პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება 2 შემთხვევას, ესაა უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს ინფიცირებული პირების კონტაქტების მოკვლევა.

"3 გახლავთ ერთი ოჯახის წევრი. მათი დაინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი ჩამოვიდნენ აჭარიდან და გადაამოწმეს თავიანთი ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, დაუდასტურდა ოჯახის ყველა წევრს. მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ჩემი ინფორმაციით, ძალიან მცირეა მათი კონტაქტების წრე. დანარჩენი ორი არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ამ ხუთიდან ყველას წყარო არის ცნობილი", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

რაც შეეხება "კლინიკა რუსთავში" დადასტურებულ შემთხვევას, ბეგაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში დასაქმებული 50 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება სამედიცინო დაწესებულების 7 თანამშრომელი, 3 საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი, 4 არარუსთაველი მედპერსონალი კი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, იზოლირებულად იმყოფება.

ინფორმაციისთვის, 29 აგვისტოდან დღემდე რუსთავში კორონავირუსის 29 შემთხვევაა დაადასტურებული.