ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სწავლობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს – მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს. კვლევაში იხილავთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების მონიტორინგის შედეგებს. მომავალში კი გამოქვეყნდება კვლევა სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შესახებ.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენ შევისწავლეთ ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულებები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.
ძირითადი მიგნებები:
მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი – 30-დან 19 – ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (17 – თავად და მისი რომელიმე ოჯახის წევრი, ხოლო 2-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან.
მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მთლიანობაში მათ „ქართულ ოცნებას“ 740,826 ₾ შესწირეს. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე.
მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3,702,826 ₾ შესწირეს.
მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან: გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ₾; ზაალ დუგლაძე – 990,000 ₾; ირაკლი ხახუბია 458,000 ₾; დავით სონღულაშვილი – 340,000 ₾; და ბეჟან წაქაძე – 320,000 ₾.
სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4,364,109 ₾ (ტენდერი – 623,450 ₾; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ₾).
მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილოება მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758,300 ₾-ად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2,210,000 ₾-ად – სახელმწიფო საწარმოებს წილები.
ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12,646,900 ₾-ს.
მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.
30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:
მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.
6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი მათი წილების მართვაზე. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი.
გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.