რონალდუს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ

2017-05-27 18:00:15

გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გადასახადების გადახდისგან თავის არიდების გამო 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ესპანეთის საგადასახადო სამსახური ფეხბურთელს 16 მილიონი ევროს გადასახადის დამალვაში ადანაშაულებს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ფეხბურთელი თანხებს 4 წლის განმავლობაში მალავდა. რონალდუმ სხვა ფეხბურთელების მაგალითზე, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილან, გადაწყვიტა გამოძიებასთან ეთანამშრომლა და თანხაც გადაეხადა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა ესპანეთის სასამართლომ „ბარსელონას“ ფეხბურთელს, ლიონელ მესის, ასევე გადასახადების დამალვის გამო 21თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუკი სასჯელი ორ წელს არ აღემატება, დასაშვებია, რომ პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეიცვალოს. მესიმ ჯარიმის სახით 2 მილიონი ევრო გადაიხადა.