ცვლილება სტუდენტების დაფინანსების წესში

2020-09-09 10:59:05

წარჩინებული და სოციალურად დაუცველი რუსთაველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება გრძელდება.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ განუცხადა, წინა წლებთან შედარებით, დაფინანსების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. ქვირიას თქმით, ახალგაზრდებში აკადემიური მოსწრების მიხედვით თანხის დიფერენცირებამ, მოტივაციის ამაღლება გამოიწვია.

დაფინანსების წესში ცვლილება მიმდინარე წელს შევიდა და აკადემიური მოსწრების შესაბამისად გასაცემი ითანხის დიფერენცირება შემდეგი წესით მოხდა:

81-დან, 90 ქულამდე - 800 ლარი;

90-დან, 95 ქულამდე - 1000 ლარი;

95-დან, 100 ქულის ჩათვლით - 1200 ლარი.

2020 წელს, 8 სექტემბრის მონაცემებით, 253 სტუდენტის სწავლის საფასურია დაფინანსებული, მოლოდინის რეჟიმში კი 67 სტუდენტი იმყოფება.

ინფორმაციისთვის, 2018 წელს 33 სტუდენტი დაფინანსდა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდნენ სტუდენტები, რომელთა საშუალო აკადემიური ქულა 81-ს შეადგენდა და ჰქონდა რუსთავის უწყვეტი რეგისტრაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში. იგივე წესით დაფინანსდა 2019 წელს 157 სტუდენტი.

მათ, ვისაც დაფინანსების მოპოვება სურთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ მერიაში წარსადგენი საჭირო საბუთების ჩამონათვალი ასეთია:

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში ცხოვრების დამადასტურებელი მოწმობა;

სტუდენტის საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ დადგენილი
წესით;

ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);

განცხადება რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე.