იგეგმება თუ არა კორპუსის დემონტაჟი აფეთების გზით

2020-09-06 17:44:45

რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო.

"ინფო რუსთავს" მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა და უთხრა, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რა ფორმით და რამდენად უსაფრთხოდ მოხდება კორპუსის დანგრევა, ამიტომაც, მათი თქმით, ადგილობრივები თავს დაცულად არ გრძნობენ.

საინფორმაციო სააგენტო იმის გასარკვევად, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის უსაფრთხოება, მე-18 მიკრორაიონში იმყოფებოდა. როგორც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელმა "ინფო რუსთავს" განუცახადა, ადგილობრივებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ და ამ შემთხვევაში, მეტად საყურადღებო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებაა.

გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კორპუსის დემონტაჟი აფეთქების გზით არ მოხდება.

"ადგილორბივებისთვის ასი პროცენტით უსაფრთხოა. შემოღობილია და გარდა ამისა, როდესაც მიდის სადემონტაჟო სამუშაოები, კონტროლდება და არავის არ ვუშვებთ. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანიის წარმომადგენელმა მე-18 მიკრორაიონის მცხოვრებლებს ასევე მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და ნუ ეცდებიან კორპუსთან ახლოს, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შესვლას. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება.

აუქციონის პირობების თანახმად, დემონტაჟი მომდევნო 8 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.

აუქციონზე გამარჯვებულ ინვესტორს ხელშეკრულების მიხედვით, ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა. შეგახსენებთ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული შენობა-ნაგებობა აუქციონზე 6 095 კვ/მ მიწის ნაკვეთთან ერთად გაიტანა.

ინვესტიციის განხორციელება ტერიტორიის მესაკუთრეს 3 წლის ვადაში მოუწევს.

ცნობისთვის, მე-18 მიკრორაიონში ავარიული კორპუსის დემონტაჟს მოსახლეობა წლების გნმავლობაში ითხოვდა.