თბილისში, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი რუსთაველია.
როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, 47 წლის კაცი, რომელიც ფილარმონიის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, აფეთქებისას მსუბუქად დაშავდა. მამაკაცს დაზიანებები თავის არეში, ბეტონის ფილის მოხვედრის შედეგად აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და უკვე ბინაზე გაეწერა.
შეგახსენებთ, ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 1 კი გარდაიცვალა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება დაშავებული 2 პირი.
აფეთქება კლუბ "დეჟავუში" მოხდა, სადაც მუშები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ. გარდაცვლილი მამაკაცი მუშა იყო, ასევე მუშაა ერთ-ერთი დაშავებული პირიც.
აფეთქების სავარაუდო მიზეზად ჟანგბადის ბალონი სახელდება. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.