გაიცანით მომავალი კოსმოსური ინჟინერი რუსთავიდან

2020-09-05 23:15:24

შესაძლოა იცოდეთ, რომ თქვენს გარშემო ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ცხოვორბს, თუმცა, აუცილებლად უნდა იცნობდეთ განსაკუთრებით ნიჭიერ, 18 წლის რუსთაველ გოგონას, რომელსაც თანატოლებისგან განსხვავებული მიზნები აქვს და ამ მიზნებისკენ საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებითაც მიიწევს.

ანა აბაშიძე რუსთავის #24-ე საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, სურს კოსმოსური ინჟინერი გახდეს. ეჭვი არ ეპარება, რომ მომავალში ერთ-ერთი წამყვანი აერონავტიკური და კოსმოსური სივრცის კვლევის ცენტრის თანამშრომელი იქნება და ამით ბავშვობის ოცნებასაც აისრულებს.

ოცნებები საკმაოდ რეალურია, მიზნები კი ნაწილობრივ განხორციელებულიც. ანამ სკოლა წელს დაამთავრა და ალბათ თქვენთვის გასაკვირი არც იქნება, თუ გეტყვით, რომ "ინფო რუსთავი" ახლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტზე, თანაც 100%-იანი დაფინანსების მფლობელზე მოგითხრობთ.

ახალგაზრდა გოგონამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 საგანში მაქსიმალური ქულა აიღო. 18 წლის ანა აბაშიძემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 70-დან 70, ინგლისურ ენაში 80-დან 80, მათემატიკაში კი 59-დან 54 ქულა დაიმსახურა.

თუმცა, რაც ყველაზე სასიხარულოა, გოგონას წარმატებები და სამომავლო გეგმები ამით არ შემოიფარგლება. ანა აბაშიძე პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, აიოვას შტატის უნივერსიტეტში (Iowa State University) ჩაირიცხა, სადაც საჰაერო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 1 აკადემიური სემესტრის დახურვის შემდეგ განაგრძობს.

18 წლის რუსთაველი ახალგაზრდისთვის ამერიკაში სწავლა პირველი გამოცდილება არ იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ ამჯერად ამ შანსების გამოყენებას კიდევ უფრო ჯეროვნად მოახდენს და მთავარ მიზანსაც საბოლოოდ მიუახლოვდება.

"ინფო რუსთავი" რუსთაველ მოტივირებულ ახალგაზრდას წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI