როგორი მდგომარეობაა რუსთავში კორონავირუსის გავრცელების კუთხით

2020-09-03 22:39:07

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში მაღაზიათა ქსელ "ნავნესა" და კლინიკა "ავერსის" სახელს უკავშირდება.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, როგორია ეპიდსიტუაცია აღნიშნულ დაწესებულებებში და რამდენად დიდია კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტების წრე.

როგორც "ნავნეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი გოროზიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელსაც ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, თბილისში, კომპანია "ნავნეს" საწყობში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით მას რუსთავის ფილიალის საწყობშიც უწევდა მუშაობა, თუმცა გოროზიას ინფორმაციით, "ნავნეს" თანამშრომელი 17 აგვისტოს შემდეგ შვებულებაში იმყოფებოდა, ამიტომაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანიაში კონტაქტების შესწავლა საჭიროდ არ ჩათვალა.

რაც შეეხება კლინიკა "ავერსის" რუსთავის ფილიალს, ამ დროისთვის კორონავირუსული ინფექცია კლინიკის 2 ექიმს აქვს დადასტურებული. ისინი სწორედ იმ ჯგუფის წევრები არიან, რომელიც ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" სამედიცინო კონფერენციაზე გაემგზავრა.

კლინიკის გენერალური დირექტორის, დიმა ჯორბენაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში 2-ვე თანამშრომელი შვებულებაში იმყოფებოდა.

"ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება, ისინი, ვისაც უარყოფითი შედეგი აქვს, აგრძელებენ მუშაობას და ვინც ტესტის პასუხის მოლოდინშია, გაშვებულნი არიან სახლში და ველოდებით ტესტირების შედეგებს. ეს თანამშრომლები შვებულებაში იყვნენ და მათ კლინიკასთან შემხებლობა არ ჰქონიათ. კლინიკაში სრულად ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები",  - განაცხადა დიმა ჯორბენაძემ.