სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი ექიმი, რომელსაც ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში" კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავში, კლინიკა "ავერსში" მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კლინიკის მენეჯერმა ირმა ბაბუაძემ, ასევე რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს, ქალაქში კოვიდინფიცირებულების წრე უკვე შესწავლილია და ექიმთან კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 8 პირი, სწორედ იმ ჯგუფის წევრები არიან, რომელთან ერთადაც ექიმი აჭარაში წავიდა. ბეგაშვილის ინფორმაციითვე, იზოლაციაში გადასულ 8 ადამიანს შორის სამედიცინო წრის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები არიან.
"ინფო რუსთავი" დაინტერსდა, ბოლოს როდის იმყოფებოდა ინფიცირებული ექიმი რუსთავის "ავერსის" კლინიკაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენი კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიურად საინტერესო კლინიკის გამოვლინებიდან წინა 2 დღეა, რა პერიოდშიც ექიმი "ავერსში" არ ყოფილა.
"ეპიდემიოლოგიურად საინტერესოა კლინიკის გამოვლენიდან წინა 2 დღე. 30-ში დაიწყო ამ ქალბატონის შემთხვევაში კლინიკის გამოვლენა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის 28, 29-ში ავერსში არ ყოფილა", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირება ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში", სამედიცინო კონფერენციაში მონაწილე ექიმს განმეორებითი ტესტირების შედეგად დაუდასტურდა.
ინფიცირებული ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასტუმრო დროებით ჩაიკეტა. სასტუმრო ოაზისში 900 -მდე ვიზიტორია რეგისტრირებული.