"დაეტიონ საკუთარ სახლებსა და სამსახურებში"

2020-08-25 19:39:46

პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი რუსთავის მერიის სამსახურებს პარტიის მოხალისეების შევიწროვებაში ადანაშაულებს.

ნადირაშვილის განცხადებით, იმ დროს, როცა მოხალისეები ქუჩებში პარტიის პლაკატებს აკრავდნენ, მერიის ააიპის თანამშრომლები მოხალისეებს ავიწროვებდნენ, ასევე დაშინების მიზნით უღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს.

"ჩვენი მოხალისეები საღამოს საათებში აკრავენ ჩვენს პლაკატებს. გუშინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც უშუალოდ რუსთავის ააიპის თანამშრომლები ჩვენს მოხალისეებს ავიწროვებდნენ, უღებდნენ ფოტოებსა და ვიდეობს.

მე მინდა შევახსენო ქალაქის მერსა და მისი ააიპების თანამშრომლებს, რომ ისინი არ არიან დაქირავებული იმისთვის, რომ ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სდიონ. ისინი არიან დაქირავებული იმისთვის, რომ ემსახურონ ხალხს. მოვიდნენ გონზე და მოიქცნენ შესაბამისად.

გასაგებია, რომ ჩვენ აქ კანდიდატი შეგვირჩია და გამოგვიგზავნა ბატონმა ფარცხალაძემ, ვგულისხმობ ქალბატონ კანდიდატს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსთავში ფარცხალაძის მეთოდით ვინმეს გაუსწორდებიან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ააიპის თანამშრომლებს, დაეტიონ საკუთარ სახლებსა და სამსახურებში",- განუცხადა ინფო რუსთავს ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის ბრალდებების მთავარი ადრესატები  ააიპ "ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა"და მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები არიან.

"ინფო რუსთავი" ზედამხედველობის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მათი მხრიდან მოხალისეების შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია და ისინი მხოლოდ კანონდარღვევის შესახებ გააფრთხილეს.

მათი თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო პლაკატების გამოკვრა კანონდარღვევაა, რადგან საკრებულოს ჯერ არ გამოუცია ოფიციალური განკარგულება, რომლითაც საარჩევნო კამპანიისთვის განისაზღვრება ადგილები, სადაც პლაკატების გაკვრა ნებადართული იქნება.

"ქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო პლაკატების გამოკვრა აკრძალულია, მანამ სანამ, ოფიციალურად გამოცხადდება საარჩევნო კამპანია და საკრებულო მიიღებს კონკრეტულ განკარგულებას, სადაც პირდაპირ განისაზღვრენა ნებადართული და აკრძალული ადგილები, სად შეიძლება გამოიკრას სააგიტაციო მასალა. ეს ცხადდება, როგორც საარჩევნო კოდექსში ვკითხულობთ, არჩევნებამდე სამოცი დღით ადრე. შესაბამისად, ქალაქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადგილი, სადაც მოხდება სააგიტაციო მასალის გამოკვრა, ითვლება აკრძალულად, გარდა კერძო მესაკუთრის ადგილებისა...

ჩვენი წარმომადგენლები არავის არ ავიწროვებდნენ და არავის არ დასდევდნენ, უბრალოდ სამართლებრივად განუმარტავდნენ, რომ საკრებულოს მხრიდან არ არის განსაზღვრული ნებადართული და აკრძალული ადგილები.

შესაბამისად, ნებისმიერი ადგილას, გარდა კერძო მესაკუთრის თანხმობისა, არის აკრძალული სააგიტაციო მასალის გაკვრა. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მხრიდან მოხდებოდა მათი სიტყვიერი გაფრთილება",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

მერიის სამსახურში მათი თანამშრომლბის მხრიდან მოხალისეებისთვის არც ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების ფაქტს არ ადასტურებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები