რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მშენებარე სამკერვალო საწარმო - „ქართლი ტექსტილთან’’ არსებული ტრენინგ-ცენტრი დაათვალიერა, სადაც კომპანია, საწარმოში დასაქმების მსურველთათვის გადამზადების პროგრამას ახორციელებს.
ქალაქის მერი ტრენინგ-ცენტრში მიმდინარე სწავლების პროცესს გაეცნო.
რუსთავის მერიის აქტიური ჩართულობით, ამ ეტაპზე, საწარმოში ტრენინგს, დასაქმების მსურველი 50-ზე მეტი რუსთაველი გადის.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, კი ისინი ,,ქართლი ტექსტილში’’ დასაქმდებიან.
სამკერვალო საწარმოს პრეზენტაცია გასულ თვეში გაიმართა.
„ქართლი ტექსტილს’’ რუსთავში გაგარინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ფართობი სახელმწიფომ გადასცა. ინვესტიციის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია, საიდანაც ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია. პირველ ეტაპზე საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მეორე ეტაპზე მათი რაოდენობა 3000-მდე გაიზრდება.
საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს.
„აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.