რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

2020-08-21 11:31:22

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს.

"საკმაოდ მძიმე ტრავმა იყო, ასევე შოკი. აქვს სხეულის მრავლობითი ტრავმები. ქალი თავიდანვე მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ჩატარდა ტრავმატოლოგიური ოპერაცია და წევს რეანიმაციულ განყოფილებაში",- განუცხადეს ინფო რუსთავს კლინიკა რუსთავში.

32 წლის ქალი ზებრა გადასასვლელზე 6 წლის შვილთან ერთად გადადიოდა. მან მოასწრო მცირეწლოვანისთვის ხელის კვრა და მისი გზის სავალი ნაწილიდან გადაგდება, რის შედეგადაც ბავშვმა ტვინის შერყევა მიიღო. 6 წლის ბიჭი კლინიკა რუსთავში პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.